6 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ Airbnb-ისთვის ფოტოგადაღებისას

ეარბიენბი

     თუკი გსურთ, რომ თქვენი ბინა წარმატებით გაქირავდეს Airbnb-ზე, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ბინის ფოტოებზე. კარგი და საინტერესო სურათები ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, იქცევს ყურადღებას და საგრძნობლად ზრდის იმის შანსს, რომ მომხმარებელი არჩევანს სწორედ თქვენს ბინაზე შეაჩერებს. ხშირად, ტექსტი, რომელშიც ყველა დეტალია აღწერილი,  არ იქცევს ყურადღებას ისე, როგორც ხარისხიანი ვიზუალი. ამიტომ, გთავაზობთ 6 რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერის ფოტოგადაღებისას იმისთვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი და საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ თქვენი ბინა.

განათება

    ალბათ პირველი რამ, რაც ინტერიერის ფოტოგადაღების დროს არის გასათვალისწინებელი, ესაა განათება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დღის სინათლე. ზედმეტად ჩაბნელებული ფოტოები რომ არ გამოვიდეს, ეცადეთ, გადაღება არ დაამთხვიოთ მოღრუბლულ დღეს.

    გადაწიეთ ფარდები, აანთეთ ყველა ნათურა რაც სახლში გაქვთ და ეცადეთ გადაიღოთ ბუნებრივი, ნათელი ფოტოები. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტად გადანათებაც არ არის სასურველი და ეცადეთ დაიცვათ ოქროს შუალედი ჩაბნელებულსა და არაბრუნებრივ გადანათებას შორის, რაც ძირითადად, იმას გულისხმობს, რომ გადაიღოთ ნათელი, თუმცა ბუნებრივი ფოტოები, რომლის ფერებიც ემთხვევა ბინის რეალურ ფერებს.

 დეტალები

    ვინაიდან ინტერიერის დიზაინში უდიდესი ყურადღება ექცევა დეტალებს, ფოტოგადაღების დროსაც მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ინტერიერში არსებულ ისეთ დეტალებზე, რომლებიც საბოლოოდ სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის და უნიკალურობას ანიჭებს თქვენს ბინას. ასეთი დეტალი შეიძლება იყოს მცენარეები, დეკორატიული ნივთები, სამზარეულოს მაგიდაზე დაწყობილი ხილი, ღვინო ან ნებისმიერი ნივთი თუ აქსესუარი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ბინის უნიკალურობას.

რა არ უნდა გავაკეთოთ

    სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის ფოტოების დადება ჯობია Airbnb-ზე, არამედ ისიც, თუ როგორი ფოტოები არ უნდა დავდოთ. მიუხედავად იმისა, რომ Airbnb იძლევა საშუალებას განვათავსოთ საკმაოდ დიდი როდენობით ფოტოები, აჯობებს, თუ თავს შეიკავებთ ისეთი სურათების ატვირთვისგან, რომელიც არც რაიმე სახის ინფორმაციას იძლევა ბინის შესახებ და არც ვიზუალური ეფექტისთვის გამოდგება. არაა სასურველი ისეთი დეტალების ფოტოები, როგორიცაა, მაგალითად, ჩვეულებრივი ჭურჭელი. ასევე, აჯობებს თუ არ გადაიღებთ ფოტოებს, სადაც ჩართული ტელევიზორი ჩანს.

აუდიენცია

    ფოტოების შერჩევისას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რომელ აუდიენციაზე გაქვთ გათვლა. თუკი თქვენი ბინაში არის რამე ისეთი, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება რომელიმე ჯგუფისთვის, მაგალითად მცირეწლოვან ბავშვებიანი ოჯახისთვის, წყვილისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩანდეს ფოტოებში. მაგალითად, თუ სახლში გაქვთ მაღალი სკამი ბავშვებისთვის, გადაუღეთ ფოტო და დაეხმარეთ სტუმრებს იმაში, რომ შეარჩიონ ისეთი ბინა, როგორიც სჭირდებათ.

 ექსტერიერი

    ინტერიერის სურათებთან ერთად, სასურველია გქონდეთ კორპუსის და სადარბაზოს ფოტოც. ეს დაეხმარება სტუმრებს, უკეთ აღიქვან თქვეი ბინის ადგილმდებარეობა და განლაგება. გარდა ამისა, თუ თქვენს სახლთან ახლოს მდებარეობს რაიმე კაფე, რესტორანი ან ცნობილი ტურისტული ადგილი, შეგიძლიათ მათი ფოტოებიც დადოთ. ეს წარმოაჩენს თქვენი ბინის დამატებით უპირატესობებს და მომხმარებლისთვისაც გაამარტივებს არჩევანის გაკეთების პროცესს.

განლაგება და რაოდენობა

    ფოტოების ხარისხისა და შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანია მათი განლაგებაც. Airbnb-ზე უამრავი ბინაა განთავსებული და როდესაც მომხმარებელი არჩევანის გაკეთებას ცდილობს, ყველაზე დიდ ეფექტს ახდენს პირველი ხუთი სურათი, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ყურადღებით შერჩევა. გარდა ამისა, სასურველია, თითოეული ოთახის მინიმუმ სამი ფოტო მაინც განათავსოთ, რადგან ასე უკეთესად აღიქვამენ თქვენი ბინის განლაგებას.

    ასევე, უკეთესი იქნება თუ ფოტოების ოთახების მიხედვით ატვირთავთ და არ იქნება ერთმანეთში არეული. აჯობებს თუ პირველ რიგში მისაღებ ოთახს ან საძინებლებს განათავსებთ, რადგან, როგორც წესი, ყველაზე მეტად ეს ორი ოთახი აინტერესებთ სტუმრებს. შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ სამზარეულოსა და აბაზანის ფოტოებით. ბოლოს კი, დაამთავრეთ თქვენი კორპუსის, სადარბაზოს ან მიდებარე ტერიტორიის ფოტოებით.

 

    ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ ბინის დადებითი მხარეების  წარმოჩენას და, ამავდროულად, დაეხმარებით მომხმარებლებს, გააკეთონ მათთვის სასურველი არჩევანი და არ შეექმნათ არასწორი მოლოდინები. შესაბამისად, კარგი ფოტოები გაგიზრდით როგორც ჯავშნების, ასევე დადებითი შეფასებების რაოდენობას.

    ზოგადად, ბინის ფოტოგადაღების დროს უამრავი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, რაც ინტერიერის ფოტოგრაფის საქმეა. თუ გსურთ თქვენი ბინა გადაიღოს პროფესიონალმა ინტერიერის ფოტოგრაფმა და მაქსიმალურად წარმოაჩინოს ბინის უპირატესობები, ამაში ჩვენ დაგეხმარებით. გაეცანით ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორიას და გაიგეთ თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს პროფესიონალურმა ფოტოებმა.

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი